რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება
9 დეკემბერი 2022გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ აბასთუმანში განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ეგრეთ წოდებულ კვლევას, რომელიც შეგნებულად ეფუძნება არასრულ და სახელმწიფო უწყებებთან გადაუმოწმებელ ინფორმაციას და შესაბამისად, არ ასახავს რეალობას.
ის, რომ ორგანიზაციამ არ გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია აბასთუმანში მიმდინარე პროექტების განმახორციელებელი უწყებებიდან და კვლევა დაარქვა მხოლოდ მისთვის სასურველი ინფორმაციის საფუძველზე განვითარებულ მსჯელობას, ადასტურებს მის ერთადერთ განზრახვას - შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება კონკრეტული პირების და სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეალური კვლევის ჩატარება რომ ნდომოდა, აღმოაჩენდა იმ სინამდვილეს, რომელიც სრულიად არ შეესაბამება დღეს გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
საქმე ისაა, რომ საქართველოს მთავრობა აბასთუმნის, როგორც ისტორიული და უნიკალური კურორტის განვითარებაზე ჯერ კიდევ 2014 წლიდან მუშაობს. ამისთვის, კურორტის განვითარების პროექტზე, 2014 წელს დაიწყო მოლაპარაკებები მსოფლიო ბანკთან. 2015 წელს კი, მსოფლიო ბანკის „რეგიონული განვითარების მესამე პროექტის“ (RDP 3) ფარგლებში, პროგრამისთვის გამოიყო 60 მილიონი აშშ დოლარი. პროგრამა ორიენტირებული იყო ეკონომიკურად მზარდ ორ რეგიონში - სამცხე ჯავახეთსა და მცხეთა-მთიანეთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და მოიცავდა სამ კლასტერს: მცხეთა, აბასთუმანი და სტეფანწმინდა, რომლებსაც, შემდგომში დაემატა ბორჯომ-ბაკურიანი და დუშეთი.
დაიწყო კურორტის გეგმაზომიერი განვითარება, რომელიც მოიცავდა აბასთუმნის ისტორიული შენობების, ევგენი ხარაძის სახელობის ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაციას, ობსერვატორიისათვის საჭირო აღჭურვილობის შესყიდვას, აბასთუმნის მწვანე და ლურჯი დერეფნების რეაბილიტაციას, ობსერვატორიის ტელესკოპის და გუმბათის დამზადება-ინსტალაციას და სხვა. პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ტენდერების გამოცხადება, მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების დაცვით, 2017 წელს დაიწყო.
2016 წელს მთავრობამ დაიწყო მუშაობა ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაციის პროექტზეც და 2016 წლის 18 ივლისის განკარგულებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაავალა ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისათვის საჭირო საპროექტო მომსახურების შესყიდვა. ამ შემთხვევაშიც, ტენდერი სახელმწიფო შესყიდვის ყველა პროცედურის დაცვით, გამოცხადდა 2016 წლის ნოემბერში. საპროექტო მომსახურების დოკუმენტაცია მზადდებოდა ეტაპობრივად და დასრულდა 2019 წლის ივლისში. საპროექტო სამუშაოების დასრულების პარალელურად, ეტაპობრივად ცხადდებოდა ელექტრონული ტენდერი სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, მათ შორის, 2017 წელს გამოცხადდა ტენდერი აბასთუმნიდან ბაღდათის მიმართულებით 3,2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, ხოლო 2018 წელს - აბასთუმნის შემოსავლელი საავტომობილო გზის მშენებლობისათვის საჭირო ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე.
ეგრეთ წოდებული კვლევის ავტორების მიერ შეგნებულად იქნა უგულვებელყოფილი ის ფაქტიც, რომ აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირების შესყიდვისთვის, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ ტენდერი 2016 წელს გამოაცხადა. 2018 წლამდე გამოცხადდა ტენდერი და გაფორმდა ხელშეკრულება წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც.
უცნაურია, რატომ არის გასაკვირი აბასთუმანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განვითარება, მაშინ როდესაც წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით კომპანიას ქვეყნის არაერთ რეგიონში განხორციელებული აქვს ანალოგიური სამუშაოები. მაგალითად, 2018 წლამდე დაიწყო ყვარლის, კურორტ გუდაურის, ბაკურიანის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის პროექტირება და სხვა.
რაც შეეხება ტენდერებს, აბსულუტურად ყველა ტენდერი არის ღია და გამჭვირვალე, რომელშიც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუმცა ტენდერში იმარჯვებს შესაბამისი გამოცდილების მქონე, უმდაბლესი ფასის მქონე კომპანია. ყველა ტენდერი ჩატარებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, რაც საჯაროა და დასტურდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაცული მონაცემებით.
საქართველოს მთავრობის ამოცანა იყო და არის რეგიონების განვითარება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება რეგიონებში მიმდინარე თუ დაგეგმილი ყველა პროექტი. იმისათვის, რომ ამა თუ იმ რეგიონის შესაძლებლობები განვითარდეს არა ფრაგმენტულად, არამედ თანმიმდევრულად, რეგიონის პოტენციალის სრული ათვისებით, ინფრასტრუქტურა რეგიონში უნდა განვითარდეს ერთიანი ხედვით, ყველა სამთავრობო უწყების ჩართულობით. მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის საკურორტო ზონების განვითარებას, რომლისთვისაც 2023 წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარი უკვე გათვალისწინებულია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ, უამრავი ფაქტობრივი უზუსტობით გაჯერებულ ინფორმაციას, ნამდვილად ვერ განვიხილავთ კვლევად. მეტიც, ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც შეგნებულად ემსახურება საზოგადოებაში სამთავრობო უწყებების საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გაღვივებას.